მეუფე შიო: ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ - აღარ განმეორდეს მკრეხელობა, რომელიც ვიხილეთ წმინდა ტაძარში

„დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით… ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს,“ – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


„ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება და ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს სულიერი წინადაცვეთის გზაზე შედგომა,“ - აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.