რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი მისი წინამორბედისგან და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი

რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი მისი წინამორბედისგან და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი. ამ თემაზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის ახალ შტამს, კერძოდ, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან.

მან კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1-ზე საუბრისას აღნიშნა, წინამორბედებისგან განსხვავებით მას დაავადების მეტად მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.


„რაც შეეხება JN.1 ვარიანტს. ეს არის „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვევარიანტი. „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, მისი არაერთი ვარიანტი გავრცელდა. თითოეული ეს ქვევარიანტი იწვევდა კითხვებს, ყველას აინტერესებდა მათი გავრცელება და სიმძიმე. JN.1 ვარიანტი რაიმე განსაკუთრებული თვისებების მატარებელი არ არის. ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ „ომიკრონის“ ყოველი ახალი ქვევარიანტი გამოირჩევა წინამორბედთან შედარებით უფრო მეტი გადამდებლობით და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელებით. საბედნიეროდ, ომიკრონის“ შტამის არცერთ ვარიანტს, მათ შორის JN.1-ს არ ახასიათებს დაავადების მეტი სიმძიმე. სიმპტომები მსგავსია. ეს არის თანდათანობითი დაწყება, კატარული მოვლენები: ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, ხველა. კორონავირუსი, სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, აზიანებს არამხოლოდ სასუნთქ, არამედ სხვა ორგანოთა სისტემებს, სისხლის შემდედებელ სისტემასაც კი. გახსოვთ, რომ ხშირი იყო თრომბოემბოლიური გართულებები, გულის გაჩერების შემთხვევებიც იყო, პნევმონია უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების დროს. შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, ყნოსვის და გემოს გაქრობა. JN.1-ს არ ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან.


დიახ, COVID-19 სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში არის, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ მისი სიხშირე ნაკლებია. ასევე არის გარდაცვალების ერთეული შემთხვევებიც, თუმცა ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასე მაგალითად, მხოლოდ ა.წ. 4-11 იანვრის კვირაში აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების 636 შემთხვევა, გერმანიაში - 536 შემთხვევა, დიდ ბრიტანეთში - 212 შემთხვევა და ა.შ. ჩვენთან აღნიშნულ კვირაში არავინ გარდაცვლილა. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის განცხადებით, მთელს მსოფლიოში მომატებულია, როგორც რესპირაციული ინფექციების, ისე COVID-19-ის შემთხვევები. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევების მატება შედარებით ნაკლებია. ჯანმო ამბობს, რომ არსებული ვითარება პანდემიისგან შორს არის, მაგრამ საყურადღებოა,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.


ინფექციონისტი ხაზს უსვამს, რომ ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს, ეს კი არ შეიძლება! არ არის სწორი. მისივე თქმით, „ტამიფლუ“ ეფექტიანი მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში.

„ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი!

„ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს.


„ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე. ცერცვაძე აღნიშნა, რომ გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა.