ესტონეთმა სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა, რათა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს - მედია

ესტონეთმა დასავლეთის ქვეყნებისთვის სამხედრო სტრატეგიის გეგმა მოამზადა, რათა დაეხმაროს უკრაინას, რომ ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში ომი მოიგოს. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR იტყობინება. სტრატეგიის მთავარი თეზისია, რომ დასავლეთს არ უნდა ეშინოდეს ომში უკრაინის დახმარების.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმა რამშტეინის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყნისთვისაა გათვლილი. გეგმაში ნათქვამია, რომ, კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყნის მშპ 47 ტრილიონი ევროა, საიდანაც მხოლოდ 0,2 პროცენტი იყო მიმართული უკრაინის დასახმარებლად. ამავდროულად, რუსეთის მშპ 2 ტრილიონ ევროს შეადგენს.


„დასავლეთის ეკონომიკის მოცულობა ათჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკას. აქ განსხვავება უზარმაზარია. პრობლემა ის არის, რომ რუსეთი უკვე გადავიდა სამხედრო ეკონომიკის გზაზე, ანუ მათი ეკონომიკის ნახევარი უკვე მუშაობს უშუალოდ ამისთვის - ეს ასე არ არის დასავლეთში, ისინი ჯერ არ გამოფხიზლებულან,“ - განაცხადა გრიგორ-კალევ სტოიჩესკუმ, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვისა და სამრეწველო სექტორის წარმოება სჭირდებათ. თუმცა, ესტონეთის მაგალითი აჩვენებს, რომ საბრძოლო მასალის წარმოების ქარხნის ამოქმედებას სულ მცირე ორი წელი სჭირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს ვადები შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს.


„დასავლეთის სამხედრო და სამრეწველო სექტორს ომის დაწყებიდანვე რომ მისცემოდა მკაფიო სიგნალი, რომ საჭირო იყო წარმოების მოცულობის საგრძნობლად გაზრდა, დღეს ისინი სულ სხვანაირად იქნებოდნენ. მთავარი პრობლემა არ არის წარმოების მოცულობები, არამედ, დასავლელი მოკავშირეების გაურკვევლობა და, სამწუხაროდ, შეერთებული შტატები თამაშობს აქ ყველაზე დიდ როლს. თუ ვაშინგტონი ახლა მკაფიო ნაბიჯებს გადადგამდა, მაშინ ევროპის ქვეყნები უფრო გადამწყვეტნი იქნებოდნენ,“ - განაცხადა ინდრეკ კანნიკმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა. ექსპერტები თვლიან, რომ ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც არსებული წინააღმდეგობები მოგვარდება. 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია და ამ მიზნით თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ს დახარჯავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.