სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მის უწყვეტობას კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეფორმების დღის წესრიგის ხელშეწყობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია და აღმასრულებელი ხელისუფლება თანმიმდევრულად მიიწევს წინ ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარებისა და ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისკენ.
ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორ სახელმწიფოებთან პროგრამების შემდგომ განხორციელებას, აქტიურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლასა და შესაძლებლობების განვითარებას.
თავის მხრივ, რიჩარდ ნეფიუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას დემოკრატიის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების ეფექტიანად განხორციელებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის თქმით, აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. რიჩარდ ნეფეუმ აღნიშნა, რომ ერევანში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შედეგიანი დისკუსიები სომეხ პარტნიორებთან, რათა ახალი იმპულსი მისცეს შემდგომ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესს, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში ვიზიტს მართავს.