კაია კალასი: ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ ევროპას აქვს 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს.


კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას იშველიებს, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა განაახლოს სამხედრო საფრთხე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს,“ - განაცხადა მან The Times-თან ინტერვიუში.


ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა ძლიერი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს.

კაია კალასის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში NATO-მ უნდა მიიღოს რუსეთის „შეკავების“ სტრატეგია ცივი ომის მაგალითზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს მინიმუმ 2,5%-მდე.

"რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტია ანგარიშვალდებულება. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე," - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.