ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა

15 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.


მისივე ცნობით, ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული.

„ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.

სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.