ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც ხელყოფს ერაყის სტაბილურობას. აშშ მხარს უჭერს ერაყის და ქურთისტანის რეგიონული მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყის ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის შეტევა მკაცრად დაგმო.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა.