თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლები, მათ შორის, კატარი და რუსეთი, წითელ ზღვას „ჰუსიტი“ ბოევიკების თავდასხმების გაზრდილი რისკისა და დოჰადან ესკალაციის შესახებ გაფრთხილებების ფონზე თავს არიდებენ.
როგორც Bloomberg-ი წერს, LNG ტანკერები უერთდებიან გემების ნაწილს, რომლებიც სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო გაცილებით გრძელ მარშრუტს გადიან, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გემების მარშრუტებს ცვლის და ინდუსტრიას ქაოსის წინაშე აყენებს.
„შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების თავდასხმები იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე, შექმნის შემდგომი ესკალაციისა და შემდგომი გაფართოების მაღალ რისკს,“ განაცხადა კატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.