ისრაელი უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ განხილვებში პირველად მონაწილეობს

ისრაელის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ განხილვაში.

ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა.


უკრაინის სამშვიდობო ფორმულა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებებში. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმამ ფართო მხარდაჭერა მიიღო უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში. ბროდსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. შეხვედრა კი, როგორც ცნობილია, დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) წინ გაიმართა.


ისრაელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარის დაკავებას დიდწილად ერიდება და უკრაინისთვის არც რაიმე სამხედრო დახმარება არ გაუწევია. ისრაელის ურთიერთობები რუსეთთან სულ უფრო გაუარესდა 2023 წლის ოქტომბერში, „ჰამასთან“ ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. ისრაელის ქმედებების მკაცრი კრიტიკისას, აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.

უკრაინასა და ისრაელს ასევე ჰყავთ საერთო მტერი, ირანი, რომელიც რუსეთს იარაღს აწვდის, „ჰამასს“ კი, როგორც დასავლეთში თვლიან, ფინანსური რესურსით მხარს უჭერს.