მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა

თურქული გამოცემა Ekonomim-ის ცნობით, თურქი ექსპორტიორები პირველი იანვრიდან მათი რუსი კლიენტებისგან ფულად გადარიცხვებს ვეღარ იღებენ, რამაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სერიოზული შეფერხება გამოიწვია.


გავრცელებული ინფორმაციით, თურქული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელსაც მოსკოვი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს, 2023 წელს გაიზარდა, რამაც სანქციების გვერდის ავლის თაობაზე შეშფოთება გააძლიერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის ბოლო ვიზიტის შემდეგ ანკარაში, თურქულმა კომპანიებმა გადარიცხვებით ვეღარ ისარგებლეს.

„ზოგიერთი ბანკი უკან აგზავნის ფულს, ზოგი კი უარყოფს ადრე მიღებულ ტრანზაქციებს და ამბობს რომ ესა თუ ის საქონელი აკრძალული იყო,“ - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ბლინკენი 6 იანვარს ეწვია ანკარას, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად განიხილა სანქციები და ექსპორტის კონტროლზე თავის არიდების საკითხები.


აშშ და ევროკავშირი დიდი ხანია, ცდილობენ, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა, მოახდინოს ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი მესამე ქვეყნების მეშვეობით. კომპანიებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, სერბეთი, თურქეთი და სხვები, ბრალი დასდეს რუსეთში სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტში, რაც უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის ომის მანქანას ხელს უწყობს.