ბელორუსის ახალი სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად მოიცავს

ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა წარადგენს ახალ სამხედრო დოქტრინას, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად მოიცავს. დოქტრინა დასამტკიცებლად წარედგინება ბელორუსის სახალხო კრებას, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ბელორუსში პარლამენტის პარალელურად მოქმედებს.


რუსეთმა გასულ წელს გაგზავნა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსში, თუმცა მის მასშტაბებზე დეტალები ცნობილი არ არის. 

„ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბელორუსის შეხედულებებზე ჩვენ მკაფიოდ ვსაუბრობთ. გაჩნდა ახალი თავი, სადაც ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ მოკავშირეების ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების წინაშე,” განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა ბელორუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.


რუსეთმა ბელორუსის ტერიტორია, როგორც პლაცდარმი გამოიყენა, რათა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში თავისი ჯარები გაეგზავნა. რუსეთმა იქ შეინარჩუნა თავისი სამხედრო ბაზები და იარაღი, თუმცა ბელორუსის ჯარებს  ომში  მონაწილეობა არ მიუღიათ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა განაცხადა, რომ ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება NATO-ს წევრი პოლონეთის აგრესიის შეკავებას ისახავს  მიზნად.

„სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლების, კერძოდ, პოლონეთის განცხადებებმა... გვაიძულა, გაგვეძლიერებინა” სამხედრო დოქტრინა,“განაცხადა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა.


შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონიც განათავსა.

დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ თვლის.


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.


გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელორუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.