სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ თბილისშია. ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა, სადაც ასევე ვიზიტით იმყოფებოდა. ნეფიუ უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ვიზიტისას ნეფიუ განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს განსაზღვრავს.


სომხეთში ამერიკელი კოორდინატორი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ის ასევე მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში.

საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.