ევროკავშირი დაამტკიცებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს უნგრეთის თანხმობით ან მის გარეშე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში, Euronews-თან ინტერვიუს დროს.
„ჩემი პირადი პრიორიტეტია 27 სახელმწიფოს შორის შეთანხმება. მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნება, 26-ისთვისაც მზად ვართ,“ - განუცხადა მან მედიას.
2023 წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჯგუფი დათანხმდა, რომ ოფიციალურად დაიწყებდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. უკრაინა ასევე ელოდება უსაფრთხოების დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაც 60 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც 17 იანვარს უნდა გაიმართოს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელების საკითხზე - აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს 16 იანვარს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ბაიდენი ხაზს გაუსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების უზრუნველყოფა.
უკრაინისთვის დახმარების სახით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ბაიდენის თხოვნა კონგრესშია გაგზავნილი. კანონმდებლები მსჯელობენ შეთანხმებაზე, რომელიც ამ თანხის გაცემას დაუკავშირებს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებას. აშშ სექტემბრიდან ვერ ახერხებს შეთანხმებას ახალი დახმარების საკითხზე.