პაკისტანი ირანს საჰაერო იერიშის გამო, სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

პაკისტანმა მის ტერიტორიაზე ირანის მიერ განხორციელებელი საჰაერო იერიში დაგმო. პაკისტანური მხარის განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი.

პაკისტანი თავდასხმას არაპრობოცირებულს და მიუღებელს უწოდებს.


ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი, ჯაიშ ალ-ადლი. 2012 წელს ჩამოყალიბებული ჯაიშ ალ-ადლი ირანის მიერ შავ სიაშია შეყვანილი, როგორც ტერორისტული ჯგუფი და მან ბოლო წლებში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა ირანის მიწაზე.

პაკისტანის ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, სად მოხდა თავდასხმა, მაგრამ პაკისტანური მედია წერს, რომ იერიში იყო სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც ორი ქვეყანა იშვიათად დასახლებულ, თითქმის 1000 კილომეტრიან (620 მილი)საზღვარს იზიარებს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ანვარ-ულ-ჰაკ კაკარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, შვეიცარიაში შეხვდა.

„პაკისტანის სუვერენიტეტის ეს დარღვევა სრულიად მიუღებელია და შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს,“ - ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.