უკრაინელებმა სანკტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს - უკრაინული მედია

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სპეცსამსახურებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით  წერს.


„უკრაინსკა პრავდის“ წყაროს ინფორმაციით, შეტევა ნავთობის ბაზაზე განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“, სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ მონაცემების მოპოვება გრძელდება.

რუსეთს ნავთობის ბაზაზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი განუცხადებია. ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, დრონი აფეთქდა სააქციო საზოგადოება „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ეს ობიექტი ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს. რუსული მედიის ცნობით, ეს ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი ტერმინალია.