საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის, გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა.
„ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი დაესწრნენ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის ელჩის თქმით, ახალი ტექნიკის გადაცემა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია.
ელჩის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს შეიერაღებულ ძალებს.
„ჩვენ საერთო მომავალი, საერთო გზა გვაქვს. ევროკავშირმა გასულ წელს გადაწყვიტა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ყოველთვის იყო დასავლეთი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გვერდით ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და ბედნიერი მომავალი ჩვენს პარტნიორობასა და მეგობრობაში,“ - აღნიშნა ელჩმა.