2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება - მაკრონი

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარმოადგინა ხედვა საფრანგეთისა და ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ეკონომიკურ რეფორმებს, გარემოს მდგრადობას და ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მაკრონის ხედვა უფრო სუვერენული ევროპის შესახებ მოიცავს ევროპული წარმოების უზრუნველყოფას ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში. მან ევროკავშირი აღწერა, როგორც „დიდი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი პროექტი და არა ჰეგემონიის, არამედ ბალანსის, წონასწორობისა და პატივისცემის პროექტი.“


საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს იმ ფონზე, როცა აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია. დონალდ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევისას, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპამ საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს თანმიმდევრულ საკითხებზე, ვიდრე ზედმეტად დაეყრდნოს თავის მოკავშირეს ატლანტის ოკეანის გასწვრივ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაკრონი მსგავსი მოწოდებით გამოდის.


საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უფრო თვალსაჩინოები, მეტ ძალისხმევაას მივმართოთ, რაც არ უნდა მოხდეს შეერთებულ შტატებში,“ - აღნიშნა მაკრონმა. 

მან  იგულისხმა კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც კლიმატის კრიზისი.


მაკრონმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობისთვის. როგორც CNBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებს ჩინეთს, ევროპის მიდგომა უფრო ამბივალენტურია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი მისი შიდა კომპანიებისთვის.

„ევროპელებისთვის დიდი რისკია ის, რომ ისინი არასწორი დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდებიან,“ - აღნიშნა მაკრონმა. აქედან გამომდინარე მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ გახდეს უფრო თვითკმარი, რეგიონული ინვესტიციების გაზრდით სუფთა ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში.

„მე ყოველთვის უფრო სუვერეული ევროპის მომხრე ვარ. ეს არ ნიშნავს თქვენი კავშირების ჩახშობას, თქვენი პარტნიორობის მოკვლას და თქვენი ალიანსების გაქრობას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არ იყოთ ზედმეტად დამოკიდებულნი თქვენი ღირებულების ჯაჭვების ზოგიერთ სექტორში,“აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.