უკრაინას ომში გამარჯვებისთვის 400 HIMARS სჭირდება - ლანდსბერგისი

რუსეთის წინააღმდეგ ომში მოსაგებად უკრაინას სჭირდება 400 HIMARS-ის გამშვები ერთეული, განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგი იქნება უკრაინის მხარდაჭერა „ყველაფრით, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის.“

„რუსეთის წინააღმდეგ ომში მოსაგებად უკრაინას სჭირდება არა 40, არამედ, 400 ერთეული HIMARS-ის გამშვები, 1000 და არა 80 ტანკი. ეს იქნება შემაკავებელი სიგნალი პუტინისთვის,” - განმარტა ლანდსბერგისმა.

ლიეტუვა, რომელიც უკრაინის აქტიური მოკავშირეა რუსეთთან ომში, მომავალ წელს უკრაინისთვის დაახლოებით 340 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, თანხების ნაწილი კი, განათლების სექტორისთვის დაიხარჯება. ერთი თვის წინ ლიეტუვამ უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისთვის სარადარო აღჭურვილობის კომპლექტი მიაწოდა.