საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.
„განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის შეხვედრა დავოსში გაიმართა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პრემიერმაც.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.