რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს. მისი მტკიცებით, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევა სცადეს „უკრაინელმა ტერორისტებმა“, რომელთა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით „ჩაახშეს.“


ბრიანსკის ოლქზე დრონით შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და „აღკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“

ხანძრის მასშტაბურობას ადასტურებს „მოსკოვის რკინიგზის“ მიერ ტელეგრამით გავრცელებული ცნობა, რომ ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზაზე, რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად  სახანძრო მატარებელი 120 ტონა წყლით და 5 ტონა ქაფით გაგზავნა. ბრიანსკის ოლქის ქალაქი კლინცი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 550 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინას კლინცის ნავთობის ბაზაზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის შიგნით შეტევებისა და ხანძრის შესახებ ცნობები ხშირია.