ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, წითელ ზღვაში რუსული და ჩინური გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჰუსიტების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები ისრაელთან რაიმე კავშირში მყოფ ნებისმიერ გემზე კვლავ გაგრძელდება.
„რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, რეგიონში მათ გადაზიდვას საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მათი გემების უსაფრთხო გავლა წითელ ზღვაში, რადგან უფასო ნავიგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ალ-ბუხაითიმ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 იანვარსაც გავრცელდა.