„უკრაინსკა პრავდა“ (УП) უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 19 იანვარს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონებით შეუტია რუსეთის ქალაქ ტამბოვში მდებარე დენთის ქარხანას და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზას. უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლის თქმით, ტამბოვის ქარხანაზე დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა, კლინცის ობიექტი კი, მნიშვნელოვნად დააზიანეს.
როგორც გამოცემის წყარო ამბობს, პუტინმა რადიოელექტრონული ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის ყველაზე მეტ საშუალებას თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში და არა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ობიექტების „დამუშავებას“ მომავალშიც გააგრძელებენ.