17-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში, ფრენები 19 იანვრის მდგომარეობით ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება.
„ფედერაციის საქმე იყო, დაგვესაბუთებინა რაღაც ადგილებში საჰაერო სივრცეების გამოყოფის საჭიროება. ამ სამ ადგილში ყველაზე მაღალი იყო დაინტერესებული პირების მოტივაცია და ინტერესი, თუმცა ვმუშაობთ სხვა ადგილებშიც, მესტიაში, კახეთში და თბილისის ზღვასთან ნებართვების მიღებაზე. გუდაურში ოპერატორი კომპანია უკვე გვყვავს, ყველაფერი თავმოყრილი და გაკეთებული აქვთ და მუშაობენ, ბაკურიანში ოპერატორი გვყვავს, მზად არის ოპერირებისთვის, თუმცა გარკვეული დეტალების გავლა სჭირდებათ, ანანურში ოპერატორი
კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს მუშაობის დაწყებისგან, ზამთრის პირობებში ცოტა რთულად მისადგომია ის ადგილი და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებს კომერციულ ფრენებს. ოპერატორი კომპანიების ვალდებულებაა წესრიგის უზრუნველყოფა იმ სივრცეში სადაც დაფრინავენ, ასევე ასაფრენ და დასაჯდომ მოედნებზე. გარდაა ამისა, გააკონტროლოს, რომ ყველა პილოტი იყოს სერტიფიცირებული და ჰქონდეს გამართული საფრენი აპარატურა და დაზღვევა," - განუცხადა რადიო თავისუფლებას ირაკლი კაპანაძემ.
ფედერაციამ პარაპლანით ფრენების ნებართვების მიღებამდე უზრუნველყო პილოტების კვალიფიკაციის შემოწმების და სერტიფიცირების პროცესი და შეიმუშავა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან ერთად დაზღვევის პაკეტი, რომლის ქონაც პილოტებისთვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელია. ეს დაზღვევა გულისხმობს მესამე პირის, ანუ მგზავრის ჯანმრთელობის ზიანის დაზღვევასაც.
პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის საჭიროება პარაპლანით მფრინავი ეკიპაჟის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ამ ეკიპაჟიდან დაიღუპა ერთი ადამიანი. სულ, საქართველოში პარაპლანით ფრენისას დაღუპულია 7 ადამიანი.
პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო მას შემდეგ, რაც გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფა მსხვერპლით დასრულდა.
ცნობისთვის, 2023 წლის 15 ივნისს პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა.
პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე პროექტი 2023 წლის 8 აგვისტოს დამტკიცდა.