ბუდანოვის თქმით, ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ყირიმში, მისი საჰაერო კამპანიის, საზღვაო თვითმფრინავების თავდასხმებისა და ფარული ოპერაციების მეშვეობით.


მან აღნიშნა, რომ უკრაინული ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში და რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება.

დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსების 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წინსვლის მცდელობებს არცერთი გარღვევა არ მოუტანიათ.

„მათი ბოლო მცდელობა უკვე ორი თვეა გრძელდება. ფაქტობრივად - უშედეგოდ”, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.


რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.