რუსმა ჰაკერებმა Microsoft-ის კორპორაციული ელ-ფოსტების ანგარიშები გატეხეს

კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა კორპორაციული ელ-ფოსტების, მათ შორის, ხელმძღვანელობის ანგარიშები გატეხეს.

„კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას,“ ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში.


კომპანიის ცნობით, ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული -ელ-ფოსტების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის. არის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების, კიბერუსაფრთხოების სამსახურის, იურიდიული სამსახურისა და სხვა ქვედანაყოფების თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა.

ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ელექტრონული წერილისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების გატაცება. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ თავდაპირველად ჰაკერები ელექტრონულ ფოსტაში ეძებდნენ ინფორმაციას თავად Midnight Blizzard-ის შესახებ.

კორპორაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმა არ არის დაკავშირებული Microsoft-ის პროდუქტებისა და მომსახურებათა დაუცველობასთან. ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს კლიენტების გარემოზე, ამოსავალ კოდზე ან ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე. გამოძიება გრძელდება.