სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 24 იანვარს უკრაინაში ჩავა. ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა Denník N ფიცოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართება, რომელიც სლოვაკეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ფიცოსა და შმიგალს შორის უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი.


„ორშაბათს ნიტრაში ვარ, სამშაბათს გასვლითი შეხვედრა მაქვს მთავრობასთან, ოთხშაბათს უკრაინაში ვარ [უკრაინის პრემიერ-მინისტრ] შმიგალთან ერთად,” - განაცხადა ფიცომ მომავალი კვირის გეგმებზე საუბრისას.


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “გამორიცხავს იარაღის მიწოდებებს,” მაგრამ “მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას, ოღონდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად”.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი დაინტერესებულია “უკრაინისთვის ჰუმანიტარულ და სამოქალაქო სფეროში დახმარებაში.”

შეგახსენებთ, ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.