რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა.
რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.“
მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია.
რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
ოფიციალური პირები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ არ ასახელებენ. რუსული ელექტრონული გაზეთის Fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი დრონის თავდასხმას მოჰყვა. გამოცემა 47.News ხანძრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და განმარტავს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს დაახლოებით 00:30 საათზე ლენინგრადის ოლქის კინგისეპის რაიონში, თუმცა პორტს დრონებმა დაახლოებით 03:20 საათზე შეუტიეს.
უსტ-ლუგაში მდებარეობს დიდი ნავთობქიმიური ქარხანა "ნოვატეკი", რომელიც გაზის კონდენსატს (საბოლოო პროდუქტებია ნაფტა, ნავთი, დიზელის ფრაქცია და მაზუთი) გადაამუშავებს. აქედანვე, პორტში კომპანიის საკუთარი ტერმინალის მეშვეობით, პროდუქცია იტვირთება გემებზე და იგზავნება ექსპორტზე. Fontanka-ს ცნობით, კვირას ღამით „ნოვატეკის“ ნავმისადგომზე იმყოფებოდა სამი გემი ბელგიიდან, ომანიდან და ლიბიიდან.
ასევე 21 იანვარს გამთენიისას ტულის, სმოლენსკის და ორიოლის ოლქებს დრონებმა შეუტიეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.