ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება „აფსნი-პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა. ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის „მინისტრმა“ დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის.“


„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკარგია. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი," - ამბობს დინარა სმირი.


საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგაშო შეტყობინება სამორიგეო სადგურმა ღამით, 03:38 საათზე მიიღო. ხანძრის ჩაქრობაში სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან გაგზავნილი 11 სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ცეცხლის ლოკალიზება დილის შვიდი საათისთვის შეძლეს.

სამხატვრო გალერეის „დირექტორის“, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.


„მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი განადგურდა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია,“ - განაცხადა საკანიამ.