დიდი ბრიტანეთი განაახლებს სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც წითელ ზღვაში იყენებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყება სარაკეტო სისტემის განახლებისთვის 405 მილიონ ფუნტს (514 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • „ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო, არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ ადაპტირება, რათა დავიცვათ გაერთიანებული სამეფოს, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაახლოებით 10 დღის წინ დაარტყეს.  აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.


„ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის, „ჰუსიტი“ ბოევიკებისგან, და საფრთხისგან, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან,“ - აღნიშნული იყო გრინკევიჩის განცხადებაში. მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, აეროპორტებზე განხორციელდა.


თავის მხრივ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ.


ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები.


ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებდნენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ბაიდენმა განმარტა, რომ მან გასცა მითითება „წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმის პირდაპირ საპასუხოდ.“


ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტები“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში.

„აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე," - აღნიშნავდა ჯო ბაიდენი.

მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.