მთავრობის მიერ დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.“
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს.
პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა.
სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოს შესყიდვის პროცედურებს იწყებს.
„საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.
ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.