„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დონლდ ტუსკის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს.
„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს,“ - განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ომში მარტო არ არის და ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.
ტუსკს სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.
„დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა,“ - განაცხადა ტუსკმა.
დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.