ჯანდაცვის სამინისტრომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" პერსონალს კომპენსაციები შესთავაზა

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან" დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს შეხვდნენ მანამდე მთავრობის სხდომაზე მიიღეს განკარგულება შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე.

შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა.

მისი თქმით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის პაკეტი თანამშრომლებთან ნაწილობრივ განიხილეს. ამჟამად „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" 650-მდე თანამშრომელი მუშაობს. თავართქილაძისთვის უცნობია, მას შეეხება თუ არა კომპენსაციასთან დაკავშირებული წინადადება.

„თანამშრომლების მხრიდან განკარგულების მოსმენა მწვავე იყო," - განაცხადა თავართქილაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „საქართველოს და თბილისს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სახელმწიფო კლინიკა: „მე ვარ მისი აშენების მომხრე."


დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი მიხედვით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.“

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


უწყება შეთავაზებების პაკეტზეც ავრცელებას ცნობას. მისი მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

სამინისტროს განცხადებით, „აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა.“

ცნობისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 1973 წელს გაიხსნა. 2008 წელს მას გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა.