თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი.


„RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.


2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3 პროცენტი).

2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6 პროცენტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.