რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებამ იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.
ლავროვის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის "უამრავი კეთილგანწყობის ჟესტი უგულებელყო."
მან არ განმარტა, რაზე იყო საუბარი. მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროს ურთიერთნდობის „ეროზია“ დაიწყო.
გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის, უკრაინის ომის საკითხზე. ლავროვი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ვაშინგტონს ლავროვის ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNBC-თან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება უკრაინის წინააღმდეგ ომში, მან შესაძლოა, შემდგომი აგრესია NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ განახორციელოს, რაც აიძულებს აშშ-ს, უშუალოდ ჩაერიოს კონფლიქტში.