თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულთა ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს. ამ დროისთვის თავისუფალია მათი იურისტების დაცვის ქვეშ მყოფი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი. ექვსი მათგანის სასამართლო პროცესები გაიმართება.
კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოძრაობა „ხმის" ორი თანადამფუძნებლის, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესები კი, სავარაუდოდ, 25 იანვარს გაიმართება. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის; გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.