საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.
„ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე - საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლაშა ჟვანიას ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2019-2024 და 2005-2008 წლებში ეკავა. ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს. როგორც ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. თავდაპირველად საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟვანია მუშაობას დესპანად განაგრძობდა.
რაც შეეხება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს, ახალი ელჩი არჩილ ძულიაშვილი იქნება.
„მასთან შეხვედრაზე პრემიერმა საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილა. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა,“ - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
არჩილ ძულიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა - რომელიც პარალელურად ფარავდა შემდეგ ქვეყნებს: ბანგლადეში, ტაილანდი ნეპალი, მალდივები, შრი ლანკა. ასევე იყო აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
სხვადასხვა დროს ის იკავებდა საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობას, ასევე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მოიცავდა ასევე ტუნისსა და ლიბიას და სირიას. იყო არაბთა ლიგასა და აფრიკის კავშირში საქართველოს წარმომადგენელი. ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია; მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი - გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს კონსული; მუშაობდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების სამმართველოს პირველ მდივნად, სამმართველოს უფროსად, შემდგომ კი - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის სახელმწიფოთა დეპარტამენტის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოს ატაშე, ასევე - პირველი მდივანი; 2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.
საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს ჩინეთშიც.
პაატა კალანდაძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს.
„ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრმა და ახალმა ელჩმა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს,“ აცხადებენ ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება პაატა კალანდაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქუვეითის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ ელჩ ნოშრევან ლომთათიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით.