უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება.

„შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა რადიო თავისუფლებასთან.

სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა, სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია.

შეგახსენებთ, დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.