უკრაინა და სლოვაკეთი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აძლიერებენ. კერძოდ, დააჩქარებენ მუკაჩევო-ველკე კაპუზანის დამაკავშირებელი ხაზის რეკონსტრუქციას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უჟგოროდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ გათბობის სეზონზე იყო დღეები, როდესაც სლოვაკეთმა გადაუდებელი დახმარება გაუწია უკრაინის ენერგოსისტემას. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. შევთანხმდით, დავაჩქაროთ მუკაჩევო-ველკე კაპუზანის ინტერკონექტორის რეკონსტრუქცია. ეს ჩვენს ენერგოსისტემას უფრო მდგრადს გახდის," აღნიშნა შმიგალმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და სლოვაკეთი პრაგმატიზმზე დაფუძნებულ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს დაამყარებენ. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში ამის უნიკალური პოტენციალი არსებობს.
ცნობისთვის, უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. ერთობლივ განცხადებას შმიგალისა და მისი სლოვაკი კოლეგის რობერტ ფიცოს შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი.
განცხადება ადასტურებს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომელიც უკრაინის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ისახავს მიზნად.
განცხადების თანახმად, სლოვაკეთის რესპუბლიკამ უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა აღნიშნა. ასევე, აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისადმი“ მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადება ასევე ხაზს უსვამს უკრაინის აღდგენასა და ჰუმანიტარულ განაღმვაში სლოვაკეთის მონაწილეობის მნიშვნელობას. ამის გარდა, აღნიშნულია ერთობლივი ძალისხმევების მნიშვნელობა საკვების გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. ასევე ხაზგასმულია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომერციულ საფუძველზე განვითარების მნიშვნელობა.