ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ იმ ნაბიჯების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე, რომლებიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.


„ჩვენ განვიხილეთ ღაზაზე ისრაელის არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობა და გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად,“ - განაცხადა ერდოღანმა ირანელ კოლეგასთან ებრაჰიმ რაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ანკარაში შეხვედრის შემდეგ.

  • თურქული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ორივე პრეზიდენტმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პალესტინაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„პალესტინის საკითხი თურქეთისა და ირანის ყურადღების ცენტრშია,“ - დასძინა ერდოღანმა.

თავის მხრივ, რაისმა ორ ქვეყანას შორის „კარგ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.“


„ჩვენ გვსურს ამ ურთიერთობების აყვანა უფრო მაღალ დონეზე,“ - აღნიშნა რაისმა. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რეისიმ განაცხადა, რომ თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ პალესტინას და მისი ხალხის უფლებების დაცვას.

  • მან აღნიშნა, რომ თურქეთსა და ირანს საერთო შეხედულებები აქვთ პალესტინაზე.

ირანის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულება ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების მიმართ აღფრთოვანებას იწვევს.


რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა მან ირანში განვითარებული მოვლენებისა და გარკვეული პრობლემების გამო ვიზიტი ორჯერ გადადო. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები უხელმძღვანელებენ თურქეთ-ირანის ბიზნესსაბჭოსაც და, შესაძლოა, ხელი მოაწერონ გარკვეულ შეთანხმებებსაც.


„შეხვედრების დროს, ორმხრივი კავშირების გარდა, მხარეები გაცვლიან აზრებს მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. კერძოდ, ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმებზე,“ – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ანკარა ინარჩუნებს კომერციულ კავშირებს ისრაელთან, რამაც გამოიწვია კრიტიკა ქვეყნის შიგნით და ირანში.


მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. თავის მხრივ, ირანმა „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადა.


იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ.

შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.