PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი განუცხადა. მიზეზად დასახელდა „აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.“


საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს 24 იანვარს უყარეს კენჭი.

რეზოლუციას დარბაზში მყოფი 90-დან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის 9 და ალბანეთის დელეგაციის 1 წევრი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.


აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტზე დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს.