ISW: რუსეთი IL-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინის წინააღმდეგ იყენებს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი Il-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინაში უკმაყოფილებისა და კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დასავლეთში ეჭვის დასათესად იყენებს.


ISW-მ განაცხადა, რომ მისი ანალიტიკოსები ვერ შემოგვთავაზებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების შეფასებას და მათ არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაამოწმონ ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები. ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს, უკრაინამ ჩამოაგდო Il-76-is თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, "ნაწილობრივ უკრაინაში უკმაყოფილების დათესვასა და უკრაინის მთავრობის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად. ეს კი შესაბამისობაში მოდის რუსეთის სხვა საინფორმაციო მცდელობებთან, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შიგნიდან შესუსტებას.


ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა მგრძნობიარე საკითხია როგორც რუსეთისთვის, ასევე, უკრაინისთვის, ამიტომ ანგარიშში პატიმრების მოხსენიება მოსალოდნელად იწვევს საზოგადოების ემოციურ რეაქციას.


„რუსი ოფიციალური პირები დამატებით წარმოადგენდნენ დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ უკრაინამ დაარტყა Il-76 აშშ-ს ან გერმანიის მიერ მოწოდებული სარაკეტო სისტემებით, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს უკრაინის მუდმივი თავდაცვისთვის აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში,“ - ნათქვამია მოხსენებაში.


24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ასევე რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, "65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.