ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ჯეიმს ობრაიენმა, 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხედავს, როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.“


„საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“


მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს.

დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს.


„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო.


„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“


  • მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ რეფორმა და ევროკავშირში შესვლა სურს. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში.

„ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება,“ აღნიშნავს ბლინკენის თანაშემწე.


„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საკუთარ ნოვოროსიისკის პორტში ინვესტიციებს დებს, მან მიითვისა უკრაინის რამდენიმე პორტი და მათ გამოყენებას ცდილობს. ის აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. ამდენად, ეს იქნება ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი.

ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.