გაერო: სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა.

მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67 პროცენტით, ნავთობის ტრანზიტი კი, 18 პროცენტით შემცირდა.


”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” - განაცხადა გაეროს ექსპერტმა.

წითელი ზღვა და სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრალური სავაჭრო მარშრუტებია. სუეცის არხს ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ათასი გემი გაივლის. იემენელი მეამბოხეების თავდასხმების გამო ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ მარშრუტისთვის თავის არიდება. აზიასა და ევროპას შორის მარშრუტზე საკონტეინერო გემებს უწევთ აფრიკის გავლით, შემოვლითი გზით სარგებლობა რაც მნიშვნელოვნად მეტ დროს და საწვავისთვის ასობით ათასი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს მოითხოვს.


ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე.


რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.