ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობაა აღკვეთილი. ამის შესახებ მან "მებაჟის დღისთვის" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გაზრდილ შესაძლებლობებზე ტრანზიტის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი გახდა უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი.
„განუხრელად იზრდება საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთნაკადი, რაც რამდენჯერმე ზრდის ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ მიმართულ ადმინისტრირების ტვირთს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საბაჟოს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზრდის საკითხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ დიდი ამოცანის მისაღწევად, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბით. ჩვენს ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა. შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამ რანგში ის საქართველოსაც სტუმრობდა.