საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

„განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.


მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია.