პოლიტიკა
ახალი ამბები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს.
ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე.
„ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.
ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.
სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს,“ – განაცხადა ფაშინიანმა.