საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს.
„პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის დინამიკა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში იმყოფება. 2023 წლის მონაცემების თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურად, მე-6 ადგილზეა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და მზად არის, ამ მიმართულებით ჩართულობა მომავალშიც გააგრძელოს.
სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.
ასევე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომის ოქმს. გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს; ასევე - შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.