ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი
თანამედროვე სახელმწიფო სტრუქტურულად განსხვავდება ძველი ტიპის სახელმწიფოებისგან. მაგალითად, თუ ძველად ბევრს ეგონა (იდეაში, სწორადაც), რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაძლოა, ყოფილიყო სახელმწიფოს ხერხემალი, ახლა ეს მოსაზრება სისულელეა. კიდევ უფრო ადრე სწამდათ, რომ სახელმწიფოს ხერხემალი იყო რელიგია.
კიდევ უფრო ადრე სწამდათ, რომ სახელმწიფოს ხერხემალი იყო მეფე და ა. შ. თანამედროვე სახელმწიფოს ხერხემალი არის ეკონომიკა. არ გაქვს ეკონომიკა - არ გაქვს სახელმწიფო. მარტივია. და ჩვენი სახელმწიფო, როგორც ყველაფერში, ამაშიც ორიგინალური აღმოჩნდა - ვირუსის პირველი გამოჩენისთანავე გააქანა და პირდაპირ ხერხემალში დაარტყა საკუთარ თავს.
დაკეტა ყველაფერი, რაც მუშაობდა, ჩანასახშივე მოკლა ახალდაწყებული მცირე ბიზნესები და შიმშილისთვის გაწირა მოსახლეობის ისედაც მცირეშემოსავლიანი ნაწილი. რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ - მთელ მსოფლიოში ასეა და ჩვენც ხომ მსოფლიოს ნაწილი ვართო. ის სამი მოხუციც, მუშკეტერებად წოდებულნი, იმედად მიგვაჩნდა. და, ჟანრის კანონის თანახმად, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი წყევლა და ჩვენი მარადიული უბედურება - სინათლე გვირაბის ბოლოს, ანუ იმედი. ტელეკომპანიას არ ვგულისხმობ - იმედი, რომ ოდესმე, როცა მსოფლიოს მოაზროვნე ნაწილი შექმნიდა ვაქცინას, ჩვენი ეფექტური კრიზის-მენეჯერები შეიძენდნენ ამ ვაქცინას, ავიცრებოდით ყველა (ვისაც ჩიპების ეშინია, მათ გარდა), ისევ გაიხსნებოდა კაფეები, რესტორნები, თეატრები, ავიახაზები, იჭიკჭიკებდნენ ჩიტები და ეს ავადსახსენებელი პირბადეც ჩაბარდებოდა წარსულს.
რუსებს ჰყავდათ ერთი ენამახვილი პოლიტიკოსი, ვიქტორ ჩერნომირდინი, რომლის გამონათქვამებიც ფრთიან ფრაზებად იქცეოდა ხოლმე. ჰოდა, მისი ფრაზაა: „хотели, как лучше, а получилось – как всегда“ (გვინდოდა, როგორც უკეთესია, მაგრამ გამოგვივიდა - როგორც ყოველთვის). სანამ ჩვენ ახალ რეალობაში ვიყავით გაყურსულები, ვაქცინა შეიქმნა, მთელი მსოფლიო რიგში ჩადგა და როცა აზრზე მოვედით, აღმოჩნდა, რომ არამარტო განვითარებულმა ქვეყნებმა - აფრიკის ქვეყნების უმეტესობამაც კი დაგვასწრო ვაქცინის მიღება და საკუთარი მოსახლეობის აცრა. ჩვენ რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, ვქეიფობთ - უმეტესობა ვირტუალურად, Zoom-ში, ზოგიც ორჯერ დაბადებული ობოლაშვილის აგარაკზე. არადა, რეალურად, სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება.
მაშინ, როცა ისრაელის პრემიერი პირადად იღებდა მონაწილეობას ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებებში, ჩვენ გვამშვიდებდა გამყრელიძე - არამარტო ვაქცინებს შევიძენთ, არჩევანის საშუალებაც გვექნება, რომელი შევიძინოთ და რომლით ავიცრათო. შედეგად მივიღეთ სრულად აცრილი ისრაელი და ნაკურთხი წყლით მორწყული ქუჩების იმედად დარჩენილი საქართველო. საქმე იმაშია, რომ იქ, სადაც ახლა ვაქცინების მიღების ბედი წყდება, მხოლოდ ფული არ ჭრის. გავლენები, პოლიტიკური წონა და სახელმწიფოს მნიშვნელობა წყვეტს ყველაფერს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უბრალოდ ვერ წარმოუდგენია.
ქართველები კი გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გამოდის ქართველებიდან, სამწუხაროდ. არ სჯერათ, რომ შეიძლება, სადმე მიხვიდე, ფული მიიტანო და შედეგი ვერ მიიღო. ასე არიან გაზრდილები, მეორე თაობაა, ფული წყვეტს ამათთან ყველაფერს და იმიტომ.
ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კიდევ ერთი ეროვნული უბედურება - რელიგიური ფანატიზმი, ეკლესიის პირდაპირი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან და ამ ყველაფრის ფონზე მზარდი ანტივაქსერული მოძრაობა. ეკლესიამ, რომელიც უზარმაზარი პრივილეგიებით სარგებლობს, საკუთარ მრევლში სრულიად სერიოზულად გაავრცელა მოსაზრება, რომ კოვიდის ვაქცინაში შედის ე. წ. „თხევადი ჩიპი“, რომლითაც ბოროტი დასავლური სამყარო მსოფლიოს დაჩიპვასა და დამონებას აპირებს.
ამ ყველაფერს ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, რუსულმა მედიამ, ვირუსულმა საიტებმა და ქართულმა გაუნათლებლობამ. და ხელისუფლებამ, რომელსაც პირდაპირ ევალება, რომ ეს ყველაფერი რამენაირად მაინც შეცვალოს, უბრალოდ თავი არ შეიწუხა - რატომ უნდა ელაპარაკო ანტივაქსერებს ვაქცინის უვნებლობაზე, როცა ჯერ კიდევ სათუოა, საერთოდ გვექნება თუ არა ვაქცინა?
ანტივაქსერები ხომ, ყველაფერთან ერთად, ამომრჩევლებიც არიან... ამ სახელმწიფო დონის მარაზმსა და ცინიზმს („მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ვართ და ამიტომ არ მოგვცეს ვაქცინა, უფრო ღარიბები უნდა ვყოფილიყავითო“) ყოველდღიურად ეწირებიან ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები. სიკვდილისთვის გაგვწირეს, იმიტომ, რომ ჩუმად ვართ. დუმილი კლავს. ჩვენ ვართ ომში და ომის დროს სარდლობის ღალატი რითაც ისჯება, გადახედონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ისტორიის სახელმძღვანელოებს, მარტივად იპოვიან პასუხებს.