ჰუსიტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ტანკერზე, რომელსაც რუსული ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა

იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს წითელი ზღვის ადენის ყურეში მყოფ ტანკერ მარლინ ლუანდაზე, რომელიც მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გემს ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა მოხვდა.

Reuters-ი კომპანია Trafigura-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერს რუსული წარმოშობის მძიმე ნახშირწყალბადების ნარევი ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. აღინიშნა, რომ ნავთობპროდუქტი G7-ის მიერ დადგენილ ზღვრულ ფასზე ნაკლებად შეიძინეს. ამიტომ სანქციები არ დარღვეულა.


გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა.


ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები.


თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა.


ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.