უკრაინა და ლიეტუვა დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო თვითმფრინავების წარმოების გაზრდის მიზნით ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრა, უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების მთავარი თემა იყო.


უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუველ კოლეგასთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მივუძღვენით ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოების გაზრდის მიზნით. ლიეტუვას აქვს ტექნოლოგია და ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ წარმოება. ეს იყო საკვანძო თემა. არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში, მაქსიმალური შედეგი უმოკლეს დროში მოგვცეს,“ - განაცხადა კულებამ.


მანვე აღნიშნა, რომ მიღწევადია უკრაინის მიზანი, აღადგინოს კონტროლი საჰაერო სივრცეზე. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე სრულდება, მაგრამ „აუცილებელია ყველა ამ ელემენტის მიღება საკმარისი რაოდენობით და დროულად.“

„თუ ჩვენ მივიღებთ F-16-ებს, თუ გვექნება საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ელექტრონული სისტემები და რაკეტები, მაშინ გავაკონტროლებთ ჩვენს ცას. ეს მიღწევადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა ლიეტუვასთან,“ – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მის ლიეტუველ კოლეგასთან „არსებითი შეთანხმებები“ შედგა ლიეტუვაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დასაგეგმად.